იაპონური კულტურით შთაგონებული Yamaha-ს სათამაშო ფორტეპიანო
რა მოხდებოდა თუ ფორტეპიანოს აწყობას იაპონიაში დაიწყებდნენ? ეს კითხვა ახალი პროექტის დაწყებისას Yamaha Design Laboratory-მ საკუთარ თავს დაუსვა და ჩიბას უნივერსიტეტის დიზაინერებთან ერთად, სამი ფორტეპიანო ავეჯის მსგავსად შექმნა. მათთვის შთაგონება იაპონიის ედოს ეპოქა იყო, ის პერიოდი, როცა ქვეყანა იმ უნიკალურ ცხოვრების წესს ავითარებდა, რომელიც დასავლური გავლენისა თუ მოდერნიზაციის შემდეგ თანდათან გაქრა.
ხოლო იმისათვის, რომ ფორტეპიანოს დიზაინში ედოს ეპოქის თავისებურებები ზუსტად აესახათ, მათ გასული საუკუნის მაცხოვრებლების ცხოვრების წესს გადახედეს. შედეგად კი Sumida Toy piano-ს 3 ვარიანტი შექმნეს.
პირველი პროტოტიპი, SUKIMA, ედო-სუმიდას „ნაგაიას“ სახლებში ნაპოვნი ხის მასალებით არის შთაგონებული. უფრო ახლოდან თუ შეხედავთ, მასზე ძველი იაპონური სტილის ნიმუშებსაც შეამჩნევთ, მაგალითად, „ასნოჰა“ კლავიშების თავზეა ამოტვიფრული.
OTO-TSUKUE-ს ფორტეპიანო კი ძველი იაპონური საწერი მაგიდის „ფუდუკუს“ ახალი სახეა, რომელიც ადრე საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოიყენებოდა. დიზაინერთა აზრით, იმ დროს რომ ამ მუსიკალურ ინსტრუმენტს ეარსება, ზუსტად ასეთი ვიზუალი ექნებოდა.
დაბოლოს, HIKI-TANSU იმ იაპონური სათავსოების იდეას იღებს, რომელიც ადრე ქორწილებში საჩუქრად იგზავნებოდა. მის შუაში ამჯერად Yamaha-ს კლავიშებია მოთავსებული და მუსიკით აღსანიშნი ახალი სიცოცხლის სიმბოლოდ მიიჩნევა. სწორედ ამიტომ, მისი ჩუქება ახლა უკვე ბავშვის დაბადებისას არის შესაძლებელი.